search

საყოფაცხოვრებო

ახალი უთოს შეძენამდე ამ რჩევებს უნდა გაეცნოთ

22 იანვარი 2020

ახალი უთოს შეძენამდე ამ რჩევებს უნდა გაეცნოთ

ახალი უთოს შეძენამდე ამ რჩევებს უნდა გაეცნოთ

სტატისტიკური მონაცემებით, დაუთოებას თანამედროვე დიასახლისები ყველაზე დამღლელ, შრომატევად პროცესად მიიჩნევენ და მაქსიმალურად ცდილობენ, თავი აარიდონ ამ უსიამოვნო მოვალეობას.

რეცხვა და დაუთოება სახლში სისუფთავის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. ქსოვილი "ფილტრივით'' იწოვს მტვრის, ზეთისა და გამონაბოლქვის უმცირეს ნაწილაკებს. შესაბამისი მოვლის გარეშე იგი მალე კარგავს მომხიბვლელობას: ხუნდება ფერი, ქრება ბზინვარება.
სხვადასხვა ხარისხის ქსოვილი დაუთოების განსხვავებულ მეთოდს საჭიროებს.
ტექნიკის მწარმოებლები ყოველწლიურად უთოს ახალ, გაუმჯობესებულ მოდელებს გვთავაზობენ. გაჯეტები ისეთი ფუნქციონალით არის აღჭურვილი, რომ მათი გამოყენებისას ჩვენ მინიმალურ დროსა და ძალისხმევას ვხარჯავთ. მინიმუმამდეა დაყვანილი ტანსაცმლის დაზიანების შემთხვევებიც, რადგან თანამედროვე უთოს ძირი დაფარულია უმაღლესი ხარისხის საფარით.

კარგი უთო რეგულირებადი ორთქლით:

  • სწრაფად აუთოებს ყველაზე რთულ ქსოვილს
  • ასწორებს ნებისმიერ ნაკეცს
  • არ აზიანებს ტექსტილსა და ფურნიტურას.

დაგაინტრიგეთ? მოდით, გავერკვეთ, რას ნიშნავს საიმედო უთო, რა პარამეტრებზე და ფუნქციებზე შევაჩეროთ არჩევანი და შეძენის წინ რას მივაქციოთ ყურადღება.

akhali-uto

 

როგორ შევარჩიოთ უთო?

ფუნქციების და ექსპლუატაციის მიხედვით ძირითადად განასხვავებენ ექვსი სახის უთოს:


უთო კვების კაბელით
ყველაზე გავრცელებული მოდელი. უთო კვების კაბელით შეიძლება, იყოს, როგორც ძვირადღირებული, ასევე - ბიუჯეტური. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს მოდელთან მუშაობის დროს ჩვენი მოძრაობები გარკვეულწილად შეზღუდულია კაბელის სიგრძითა და დენცქვიტის განლაგებით, დიდწილად, სწორედ ამ კომპონენტზე არის დამოკიდებული გაუთოების პროცესის კომფორტულობა. უნდა აღინიშნოს უთოს ექსპლუატაციის სიმარტივე და მოდელის გამძლეობა. უმთავრესი პლიუსი კი მდგომარეობს იმაში, რომ უთო კვების კაბელით, დაუთოვების პროცესში, სტაბილურად ინარჩუნებს მიცემულ ტემპერატურას.


უკაბელო უთო
მოდელი, რომელმაც თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მომხმარებლის სიყვარულიც კი დაიმსახურა, შედარებით ნაკლებ პოპულარულია. მანჟეტების გარშემო ნაკეცების, საყელოების, ჯიბეებისა და სხვა რთულად მისადგომი ადგილების დასაუთოვებლად მოსახერხებელი ნივთი დიდხანს ვერ ინარჩუნებს მიცემულ ტემპერატურას, საჭიროებს დამატებით “დამუხტვას”.

უთო ორთქლის მიწოდების გარეშე
მსგავსი მოდელი მოუხერხებელია, შესაბამისად თანამედროვე ბაზარზე იშვიათად თუ შეგხვდებათ. მისი ძირი დაფარულია ალუმინით, ტემპერატურის რეგულატორი კი მექანიკურია. ტანსაცმლის დაუთოების ხარისხის გასაუმჯობესებლად წყლის სანამებლის გამოყენება მოგიწევთ.

akhali-uto

უთო ორთქლით
თითქმის ყველა თანამედროვე უთოს ორთქლის მიწოდება, დასხურება და დაორთქლვის ფუნქცია აქვს. ისინი ყოფით ცხოვრებაში ყველაზე პრაქტიკული და მოხმარებადია. მარტივი და იაფი მოდელი ორ რეჟიმში მუშაობს: მშრალი (ორთქლის მიწოდების გარეშე) და სველი (ორთქლის მიწოდებით).

 

akhali-uto

სამგზავრო უთო
საინტერესო და მოსახერხებელი მოდელი, ორთქლის მიწოდების ფუნქციით ძალიან კომპაქტურია, 1 კგ-ს არ აღემატება და ჩემოდანში მისთვის ადგილს მარტივად ნახავთ.

 

akhali-uto

ორთქლის გენერატორით
აღნიშნულ მოდელს მოყვება წყლის გარე, საკმაოდ ტევადი კონტეინერი. წყალი ამ რეზერვუარიდან უთოს სპეციალური მილით მიეწოდება. ორთქლის დარტყმის ძალა და უწყვეტი მიწოდება სამ ან მეტ ფენად დაკეცილ ქსოვილსაც კი უმკლავდება. ძირითადად გამოიყენება დიდი, მოცულობითი სამუშაოებისთვის. ორთქლის გენერატორის მოცულობა საკმარისია 1.5 საათიანი გაუთოებისთვის.

უთოს ძირითადი მახასიათებლები

ახალი ტექნიკის შეძენისას არ იხელმძღვანელოთ მხოლოდ მიმზიდველი ფასით. ყურადღება მიაქციეთ მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებს, სიმძლავრესა და დამატებით ფუნქციებს.
გაუთოების ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული უთოს სიმძლავრეზე.
ამ მხრივ ყველაზე სუსტ მოდელად ითვლება სამგზავრო უთო. მუშაობის ოპტიმალური სიმძლავრე 1000-1200 ვატი;
თანამედროვე საოჯახო მოდელების უმრავლესობა 2000-2500 ვატზე მუშაობს, რაც სავსებით საკმარისია. ასეთი უთო არა მარტო სწრაფად გახურდება, არამედ მალე გაუმკლავდება ძლიერ დაჭმუჭნულ ქსოვილებსაც კი.

ტემპერატურული რეჟიმები ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია უთოს შერჩევისას. სწორედ ის განსაზღვრავს მოდელის შესაძლებლობებს. ტემპერატურული რეჟიმების რეგულირება სხვადასხვა მეთოდით ხდება: ოვალური დისკი, რომლის მექანიკური დატრიალებით შეგვიძლია, შევცვალოთ რეჟიმები. მეორე ვარიანტი - ღილაკები, ინფორმაციული დისპლეი. მესამე - სენსორული პანელი ჩამონტაჟებული განათებით. ამავდროულად, ტემპერატურული რეჟიმის მართვის ყველა ზემოაღნიშნულ ვერსიას გააჩნია ტემპერატურის შემდეგი დონეები:

  • 110°C — სინთეტიკური ქსოვილი;
  • 150°C — აბრეშუმი;
  • 200°C — ბამბა, ნატურალური ქსოვილები.


უთოს ძირი

უთოს ძირის მასალა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი შერჩევის დროს. ამიტომ მასზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ. მასალა უნდა იყოს მყარი, არ იკაწრებოდეს, თანაბრად ხურდებოდეს და ცივდებოდეს, საკმაოდ მსუბუქად სრიალებდეს ქსოვილზე და არ აზიანებდეს მას. შეარჩიეთ უთო, რომლის ძირზე ორთქლის გამოსაშვები ნასვრეტები ერთგვაროვნად არის განლაგებული.
უთოს ძირის დასაფარად მწარმოებლები იყენებენ სხვადასხვა მასალას: უჟანგავი ფოლადი, ალუმინი ან ალუმინი მიკვრის საწინააღმდეგო საფარით.

რჩევა: თუ შეიძენთ მოდელს, რომლის ძირი დაფარულია ალუმინით და არ აქვს დამცავი ფენა, გაითვალისწინეთ, ასეთი ძირი ადვილად იკაწრება ტანსაცმლის მეტალის ღილებით ან ელვა შესაკრავით.


ორთქლის მიწოდების რეგულატორი და დარტყმის ინტენსივობა

ეს პარამეტრი მოქმედებს გაუთოების ხარისხსა და კომფორტულობაზე. თქვენ მიერ შერჩეულ მოდელს შეიძლება, ჰქონდეს ავტომატური, უწყვეტი და ორთქლოვანი დარტყმის ფუნქცია. დღეს სამომხმარებლო ბაზარზე უმეტესად წარმოდგენილია მოდელები 30-60 გრ/წუთში ორთქლის დარტყმის ინტენსივობით. ცალკეული მოდელები გვთავაზობს ორთქლის მიწოდების უფრო მძლავრ შესაძლებლობებს - 100 და 150 გრ/წუთშიც
კი. მსგავსი ფუნქციით აღჭურვილი მოდელი ადვილად გაუმკლავდება სქელ და რთულ ქსოვილებს.
სასურველია, თუ უთოს ექნება ორთქლოვანი დარტყმის ფუნქცია, რადგან ის გაცილებით აადვილებს გაუთოების პროცესს. ფუნქცია მნიშვნელოვანია თითქმის გამშრალი ან სქელი ქსოვილების დაუთოების დროს.


დამატებითი ფუნქციები

არ დაგავიწყდეთ, რომ უთოს ექსპლუატაციის დროს, დიდ როლს თამაშობს მოდელის კომპლექტაცია და აქსესუარები.


უთოს სასარგებლო ფუნქციები:

  • თვითგაწმენდისა და ნადებისგან დაცვის ფუნქცია საგრძნობლად გაუხანგრძლივებს თქვენს ტექნიკას ექსპლუატაციის ვადას;
  • წვეთების საწინააღმდეგო სისტემა - ეს სისტემა უზრუნველყოფს რეზერვუარიდან წყლის გამოდინების შეჩერებას მაშინ, როცა თქვენ დაბალ ტემპერატურაზე აუთოებთ;
  • ორთქლის მიწოდების მექანიკური რეგულირება - მოდელების უმრავლესობაში ორთქლის მიწოდება ავტომატურად რეგულირებადი პროცესია, მაგრამ ზოგიერთ გაჯეტში ეს პროცესი ხელით მართვადია და არ არის დამოკიდებული უთოს გაცხელების ინტენსივობაზე;
  • ორთქლის უწყვეტი მიწოდება - ორთქლის მიწოდების ინტენსივობა მოქმედებს გაუთოების ხარისხსა და კომფორტულობაზე;
  • ვერტიკალური დაორთქლვა - ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა ფარდები, ასევე პალტო, პიჯაკი და ა.შ. საკიდიდან ჩამოუხსნელად დაუთოვდეს;
  • უთოს ავტომატური გამორთვის ფუნქცია - თუ გამორთვა დაგავიწყდათ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი უთო 30 წამში გაითიშება, ვერტიკალურ მდგომარეობაში დატოვებული უთო კი რამოდენიმე წუთში;
  • დაცვა გადახურებისგან - ავტომატური რეჟიმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ სისტემა თერმოსტატის გაუმართაობას აღმოაჩენს.

უთოს კომპლექტაცია

უთოების უმრავლეს მოდელს მხოლოდ ინსტრუქცია და საგარანტიო საბუთები მოყვებათ. მაგრამ ზოგიერთი მწარმოებელი სასიამოვნო სიურპრიზს გვთავაზობს:

  • საზომი ჭიქა - მცირე ზომის პლასტმასის ჭიქა, წაწვეტებული ცხვირით. მისი დახმარებით შეძლებთ, ჩაასხათ წყალი უთოს რეზერვუარში;
  • სილიკონისა და ტეფლონის საცმი დელიკატური ქსოვილებისთვის - მოხსნადი დამცავი ფირფიტები იცავს ქსოვილს მაღალი ტემპერატურისა და უთოს ზედაპირთან ხანგრძლივი კონტაქტით გამოწვეული დაზიანებებისგან, ხელს უშლის პრიალა ლაქების წარმოქმნას; 
  • უთოს დამჭერი - საშუალებას მოგცემთ მყარ პოზიციაში დაამაგროთ ცხელი ხელსაწყო საუთოვებელ მაგიდაზე, ან სხვა ზედაპირზე. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ელემენტი იზრუნებს თქვენს უსაფრთხოებაზე და გაგიმარტივებთ დაუთოვების პროცესს

 

ერგონომიკა

სასურველი მოდელის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის გაბარიტებსა და ერგონომიას. ეცადეთ, შეარჩიოთ მაქსიმალურად კომპაქტური უთო. ასევე, ყურადღებით დააკვირდით მოდელის მართვის ელემენტებს. შეამოწმეთ ყველა ღილაკი, უთოს კაბელის სიგრძე, სიმსუბუქე და მანევრირება. სწორედ ამ კომპონენტებზე არის დამოკიდებული გაუთოების პროცესის კომფორტულობა.